შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის-კრედიტი“ ეთიკის კოდექსი ბეჭდვა ელ. ფოსტა

იანვარი, 2011 წ.

 

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის-კრედიტის“ საქმიანობა წარმოადგენს ეთიკური ქცევის უმაღლესი სტანდარტებისადმი ლოიალური დამოკიდებულების დემონსტრირებას. კომპანიის ყოველდღიური საქმიანობა ადასტურებს მის სურვილს ხელი შეუწყოს კომპანიაში მაღალი ეთიკური ქცევის დამკვიდრებას. კომპანიის ნებისმიერი რგოლის თანამშრომელს ევალება დაიცვას ეთიკური ქცევის უმაღლესი სტანდარტები, პატივი სცეს მის სულისკვეთებასა და იმოქმედოს აღნიშნული სტანდარტებით, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მესამე მხარესთან ურთიერთობაში.

 

„სვის-კრედიტს“ გააჩნია კორპორატიული ღირებულებები:

1. თანამშრომელზე ორიენტაცია.

● “სვის-კრედიტის“ უმთავრესი ძალა და ფასეულობა თანამშრომელია, რომელიც მას წარმოაჩენს;

● კომპანია ოპერირებს კომპეტენტური და კვალიფიციური თანამშრომლებით დამუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და განვითარებაზე;

● კომპანიის მუშაობის მთავარი პრინციპია თანასწორუფლებიანობა - ყველა თანამშრომელს აქვს შეფასებისა და დაწინაურების თანაბარი შესაძლებლობა. კომპანია ეწევა ობიექტურ და სამართლიან პოლიტიკას თანამშრომლების მიმართ;

● კომპანია თანამშრომლებს უქმნის სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო პირობებს;

● კომპანიისთვის მნიშნელოვანია, თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს საკუთარი მნიშვნელოვნების განცდა - ეს არის პასუხისმგებლობა, ინტერესი, ჩართულობა გადაწყვეტილებებში, მისი ხედვის, აზრის, საქმის ღირებულება კომპანიისათვის;

● კომპანია უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოებას ნებისმიერი თანამშრომლისთვის;

● თითოეულ თანამშრომელს ესმის, რომ მისი საქმიანობა ღირსეულად დაფასდება;

● კომპანია მხარს უჭერს გუნდური სულისკვეთების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას კომპანიის შიგნით და ზოგადად მიკრო ჯგუფებში;

● კომპანია მის თანამშრომელს ეპყრობა ღირსეულად, ნდობით და პატივისცემით;

● გრძელვადიანი ურთიერთობების შენება დაფუძნებულია საქართველოს შრომის კანონისა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე;

● ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პერსონალის ერთგულებითა და შესანიშნავი მიღწევებით. ასეთი ერთგულება შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ ნდობის კლიმატის, ღია და გულახდილი ურთიერთობითა და პატივისცემით. თანამშრომლის ურთიერთობები სხვა თანამშრომლებთან და პირდაპირი ანგარიშგება ზედამხედველებთან ერთგულებით და უმაღლესი ეთიკური სტანდარტების შენარჩუნებით წარიმართება.

● თანამშრომლის შერჩევა, აყვანა, დაწინაურება და კომპენსირება ხდება მათ მიერ გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისა და მიღწეული შედეგების მიხედვით.

● აღნიშნული პრინციპები არ ზღუდავს კომპანიის უფლებას მიიღოს დისციპლინარული ზომები ან/და სამსახურიდან დაითხოვოს თანამშრომლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

2. კონფიდენციალობა

● “სვის-კრედიტი“ აცნობს კლიენტებს თავიანთ უფლებებს;

● კომპანია აგროვებს მონაცემებს კლიენტებზე, რომელიც მის სოციალურ მიზნებს შეესაბამება. იგი ამუშავებს ამ მონაცემებს და პასუხისმგებლობას იღებს ინფორმაციის სიზუსტეზე;

● კომპანია უზრუნველყოფს ზუსტი და დროული ინფორმაციის შეგროვებას;

● კომპანია ატარებს კლიენტთა მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკას და ფლობს შესაფერის ტექნოლოგიურ სისტემებს;

● კომპანიის თანამშრომლებს ეკრძალებათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროვება. მათ შეუძლიათ ეს ინფორმაცია გაანდონ მხოლოდ კომპანიის თანამშრომლებს მათი კომპეტენციის ფარგლებში;

● თანამშრომლებს ევალებათ საიდუმლოდ შეინახონ კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად, ინფორმაცია კომპანიის ფინანსურ გეგმებსა და ოპერაციებზე, შიდა სტანდარტებსა და მეთოდოლოგიაზე, წლიურ და მრავალწლიან ფინანსურ გეგმებზე, შიდა ინსტრუქციებსა და რეგულაციებზე.

 

3. განსაზღვრული კორპორატიული იდენტობა და ბრენდირების პოლიტიკა

● ფინანსური მდგრადობისა და კლიენტთა კეთილდღეობისთვის კომპანია განსაზღვრავს და აკონტროლებს ზრდის კოეფიციენტს;

● მოგებაზე ორიენტაციის გაკეთება ხელს არ უშლის კომპანიის გრძელვადიან მდგრადობასა და კლიენტთა კეთილდღეობას;

● კომპანიის სტრატეგიაა შეუსაბამოს თავისი სოციალური მიზნები კლიენტთა შესაძლებლობებსა და კომპანიის მიერ გაწეული მუშაობის შედეგებს;

● “სვის-კრედიტის“ ნებისმიერი თანამშრომელი წარმოადგენს კომპანიის სახეს, ასე რომ, მათი ქმედება ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს კომპანიის სოციალურ მიზნებს და ზემოთხსენებულ ეთიკურ სტანდარტებს.

 

4. კომპანიის ეთიკური პრინციპები

“სვის-კრედიტის“ მიზანია იმოქმედოს ეთიკის დაცვით მისი საქმიანობის ყველა ასპექტში. “სვის-კრედიტი“ აცხადებს, რომ სამართლიანად და პატიოსანად წარმართავს თავის საქმიანობას და უზრუნველყოფს მისი აქციონერების გრძელვადიანი ინტერესების დაცვას;

 

ამ ვალდებულების თანახმად, მოცემული ეთიკის კოდექსით კომპანია თავისი თანამშრომლებისაგან მოითხოვს სამართლიან, პატიოსან საქმიანობასა და ეთიკურ ქცევას.

კოდექსი ეხება “სვის-კრედიტის“ ყველა თანამშრომელს, კონტრაქტორს, დირექტორთა საბჭოს წევრს და ყველას, ვისაც კი შეიძლება ეწოდოს ,,თანამშრომელი“.

 

“სვის-კრედიტის“ ეთიკური სტანდარტები ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

• პატიოსნება

• სანდოობა

• სამართლიანობა

• გამჭვირვალობა

 

კომპანიის ყველა ეთიკური სტანდარტი ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს:

● კანონის უზენაესობა, საქართველოს კანონმდებლობის დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა;

● კომპანიის თანამშრომელს ეკრძალება ნებისმიერი ქმედების ჩადენა “სვის-კრედიტის“ სახელით, თუკი მან იცის ან ეჭვობს, რომ ეს ქმედება არღვევს რომელიმე მოქმედ კანონს, კომპანიის შიდა რეგულაციას ან საზოგადოებაში მიღებულ ზოგად ეთიკურ პრინციპს;

● კომპანიის მართვის ფინანსური და ოპერაციული ქმედებების მიზანია მაქსიმალურად გაზარდოს კომპანიის აქციების ფასი; თანამშრომლებმა უნდა აწარმოონ საიმედო ბიზნეს ჩანაწერები, რაც ზუსტად და სამართლიანად ასახავს “სვის-კრედიტის“ ბიზნეს საქმიანობას. თანამშრომელს მკაცრად ეკრძალება ბიზნეს ჩანაწერების გაყალბება.

● “სვის-კრედიტი“ აცხადებს, რომ აწარმოებს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრულ, სამართლიან, ზუსტ, დროულ და გასაგებ აღრიცხვას. იგი აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს გადასცემს მარეგულირებელ ორგანოებს და სხვა საჯარო უწყებებს, თუ ამის აუცილებლობა განსაზღვრულია კანონით;

● პატიოსანი და სამართლიანი ბიზნესის წარმართვა, ქრთამისა და კორუფციის არ დაშვება - ეს ის კრიტერიუმებია, რასაც ეფუძნება “სვის-კრედიტის“ ეთიკის კოდექსი;

● კომპანია მკაცრად უკრძალავს ყველა მის თანამშრომელს, კომპანიის სახელით გადაიხადოს, შესთავაზოს ან კანონიერი გახადოს ნებისმიერი ქრთამი ან სხვა უკანონო გადასახადი. “სვის-კრედიტის“ ყველა თანამშრომელი ვალდებულია ქრთამის აღების ფაქტის გაგების შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს ამის შესახებ კომპანიის მენეჯმენტს;

● კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარემოს დაცვას. ეს გულისხმობს ზოგადად გარემოს და არა მარტო კონკრეტული გარემოს, სადაც ის ოპერირებს.

 

 

 

 

5. სხვადასხვა მხარეებთან ურთიერთობის ეთიკური სტანდარტები

მომხმარებელთან ურთიერთობა

● კომპანიის წარმატება დამოკიდებულია მომხმარებლის კმაყოფილებასა და ნდობაზე. უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები მომხმარებლის ცვალებადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ურთიერთობის ნორმები:

● თითოეული თანამშრომელი ვალდებულია იყოს ყურადღებიანი, სამართლიანი და მომთმენი მომხმარებლის მიმართ;

● დაუშვებელია კლიენტურასთან როგორც უსიამოვნო და ქედმაღლური ისე, ზედმეტად ახლო ურთიერთობის დამყარება.

● თანამშრომელმა კლიენტურასთან უნდა ჩამოაყალიბოს საქმიანი, სანდო და კეთილგანწყობილი ურთიერთობა;

 

ურთიერთობისას სასტიკად აკრძალულია:

● მომხმარებლის შეურაცხყოფა;

● მომხმარებლისგან ნებისმიერი სახის მორალური ან მატერიალური ვალდებულების აღება: ძვირადღირებული ნებისმიერი საჩუქრის ან სხვა ფორმის სარგებლიანი მომსახურების (მათ შორის მიწვევის) მიღება, რომლის საბაზრო ღირებულება ჯამში აღემატება 20 ლარს).

 

ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობა:

● “სვის-კრედიტს“ ღრმად სწამს, რომ სამართლიანობაზე და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები ბიზნეს პარტნიორებთან, წარმატების საწინდარია;

● კომპანია თანამშრომლობს მხოლოდ ისეთ ბიზნეს პარტნიორებთან, რომელიც იზიარებს მის ეთიკურ სტანდარტებს;

● კომპანია პატივს სცემს ბიზნეს ურთიერთობების გამჭვირვალობას.

● სახელშეკრულებო ურთიერთობები წარიმართება ორმხრივი სარგებლის მიღების საფუძველზე;

● ბიზნეს ურთიერთობები ეფუძნება მაღალი შესრულების სტანდარტებს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად და ეფექტურად შესრულების მოთხოვნებს;

● კომერციული დავის წამოჭრის შემთხვევაში, კომპანია ეცდება საკითხის მოლაპარაკების გზით გადაჭრას, რათა მიღწეულ იქნას საკითხის მეგობრული გადაწყვეტა.

 

ურთიერთობა სახელმწიფოსთან:

● “სვის-კრედიტი“ ემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას და იხდის გადასახადებს სრულად და დროულად;

● კომპანია იცავს ეროვნული ბანკის ყველა რეგულაციას და საქართველოს კანონმდებლობას;

● ცდილობს დაამყაროს ჯანსაღი ურთიერთობები სამთავრობო ხელისუფლებასთან, არ ახორციელებს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას, არ ახდენს ქრთამის გადახდას, მიღებას ან შუამდგომლობას ნებისმიერი ფორმით;

● კომპანია არასოდეს გაიღებს შესაწირს პოლიტიკური მიზნებისთვის ფულადი ან მატერიალური ფორმით.

 

საზოგადოებასთან ურთიერთობა

● კომპანია თავის თავს მოიაზრებს იმ საზოგადოების განუყოფელ ნაწილად, რომელშიც ის ოპერირებს და ერთგულია ჯანსაღი ურთიერთობების, რომელიც დამყარებულია პატივისცემაზე, ნდობაზე, პატიოსნებასა და სამართლიანობაზე;

● კომპანიის მიზანია შექმნას სამუშაო ადგილები, ზრუნავს გარემოს დაცვაზე, არ აფინანსებს გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით აკრძალულ საქმიანობას;

● თანამშრომლებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში, შეიტანონ წვლილი საქველმოქმედო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების და სხვა სასწავლო დაწესებულებების საქმიანობაში.

 

6. თანამშრომელთა ქცევის ძირითადი ეთიკური პრინციპები

აღნიშნული ეთიკის კოდექსით ასევე რეგულირდება თანამშრომელთა ქცევის ძირითადი ეთიკური პრინციპები. ყოველი თანამშრომელი ვალდებულია იმოქმედოს ქვემოთ ჩამოთვლილი პრინციპების დაცვით:

 

 

 

ინტერესთა კონფლიქტი

ინტერესთა კონფლიქტმა შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას თანამშრომლის ობიექტურად და სამართლიანად განსჯის უნარს.

● ყველა თანამშრომელი ვალდებულია თავი აარიდოს ინტერესთა კონფლიქტს. დაუშვებელია თანამშრომელი დაკავდეს ისეთი საქმიანობით, რაც ხელს შეუშლის მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაში, წინააღმდეგობაში მოდის კომპანიის ინტერესებთან და/ან შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მის რეპუტაციაზე;

● აკრძალულია თანამშრომლის ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ორგანიზაციაში დასაქმება. იშვიათი გამონაკლისი დასაშვებია, როდესაც კანდიდატი გამოირჩევა უნიკალური თვისებებით, რაც მის კონკურენტებს არ გააჩნიათ და იგი ფაქტიურად შეუცვლელია განსახილველ პოზიციაზე;

● თუ ორგანიზაციაში უკვე მუშაობენ ოჯახის წევრები ან/და ახლო ნათესავები, აუცილებელი პირობა არის შემდეგი:

● მათ არ უნდა ჰქონდეთ საშუალება ერთად განაგონ კომპანიის ფინანსები ან სხვა ქონება (ხელმოწერები ნებისმიერ ფინანსურ დოკუმენტაციაზე, ნებართვები შენაძენებზე);

● დამოუკიდებლად, სხვა პირების ჩარევის გარეშე გასცენ სესხი;

● კომპანიაში არ იქმნება პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების სტრუქტურები. თანამშრომლებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ეკრძალებათ იხელმძღვანელონ პარტიების, პოლიტიკური მოძრაობების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების გადაწყვეტილებებით, ასევე იკრძალება აშკარა პოლიტიკური აგიტაციის გაწევა;

● აკრძალულია პრივილეგირებული ან შეღავათიანი მომსახურების შეთავაზება საკუთარი ინიციატივით, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც რეგულირდება ნორმატიული აქტების შესაბამისად;

● მომწოდებლის შერჩევა პირადი კავშირების საფუძველზე;

● თანამშრომლებს ეკრძალებათ: ნათესავის სესხის გაცემის პროცედურაში მონაწილეობის მიღება; მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სადაც გამოკვეთილია მისი ნათესავების/ოჯახის წევრის ინტერესი.

 

პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისმა თანამშრომელმა უნდა მიმართოს მის უშუალო უფროსს, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს ან გენერალურ დირექტორს.

 

კომუნიკაცია და ანგარიშგება

კომპანიის ყველა თანამშრომელი ვალდებულია მიაწოდოს ერთმანეთს, მომხმარებელს, შიდა და გარე აუდიტსა და სამთავრობო ინსტიტუტს ზუსტი და საიმედო ინფორმაცია, აგრეთვე, აწარმოოს ზუსტი და დროული ანგარიშება.

 

ინფორმაციის სანდოობა

● დამსაქმებელთან წარდგენილი ყველა ინფორმაცია (რეზიუმე, პერსონალის კითხვარი, სამედიცინო ისტორია და ა.შ.) უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს და იყოს ზუსტი;

● სხვა ორგანოსთვის გადაცემული ყველა ინფორმაცია (ანგარიშები, ჩანაწერები და ა.შ) უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს და იყოს ზუსტი.

 

“სვის-კრედიტისქონების პირად საკუთრებაში მითვისება

● თანამშრომელს უფლება არ აქვს შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიყენოს “სვის-კრედიტის“ ქონება პირადი სარგებლის მიღების მიზნით ასევე გაიტანოს კომპანიის ქონება ტერიტორიიდან;

● თანამშრომელი ვალდებულია გაუფრთხილდეს კომპანიის ქონებას;

● კომპანიის ქონების განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანება გახდება დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძველი.

 

კონფიდენციალური ინფორმაცია

● კომპანიის თანამშრომელი ვალდებულია არ გაამჟღავნოს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია. თანამშრომელს ეკრძალება კომერციული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება ნებისმიერი პირისთვის, ვის კომპეტენციაშიც ამ ინფორმაციის ცოდნა არ შედის. კომერციულ კონფიდენციალურ ინფორმაციაში იგულისხმება კომპანიის მონაცემები, ფინანსური ან სახელშეკრულებო გეგმები და სხვა შეთანხმებები, ინფორმაცია ამჟამინდელ ან ყოფილ თანამშრომლებზე, კლიენტებზე;

● თანამშრომელი ვალდებულია ყოველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, შეინახოს ჩაკეტილ სათავსოში, ხოლო მუშაობის დასრულებისთანავე გამორთოს კომპიუტერი;

● თანამშრომელი ვალდებულია არ გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია სამსახურიდან დათხოვნის შემდეგაც კი.

 

საჯარო ინფორმაცია

კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომელიც კანონის თანახმად ითვლება საჯარო ინფორმაციად და ექვემდებარება გაცხადებას და/ან საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სხვა წყაროებიდან.

 

ინფორმაცია კომპანიაზე, მის საქმიანობაზე, პროდუქტებზე, ტარიფებზე გამჭვირვალეა და ხელმისაწვდომია კომპანიის აქციონერებისათვის, მაკონტროლებელი ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

 

დისკრიმინაცია და ძალადობა

● კომპანია მკაცრად რეაგირებს სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის რაიმე ფორმით გამოვლინების ფაქტების წინააღმდეგ, სათანადოდ იძიებს ამგვარ ქმედებას და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას;

● არც ერთი თანამშრომელი, მიუხედავად მისი თანამდებობისა ან კომპანიაში მუშაობის სტაჟისა, არ სარგებლობს განსაკუთრებული პრივილეგიით;

● კომპანია არ მოახდენს არც ერთი თანამშრომლის ან აპლიკანტის დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, გენდერული იდენტობის, ეროვნული წარმოშობის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, ინვალიდობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა რაიმე მახასიათებლის გამო, რაც დაცულია კანონით. ეს ვრცელდება, (მაგრამ არ შემოიფარგლება), რეკრუტირებაზე, შერჩევაზე, დაწინაურებაზე, გადაყვანაზე ან გათავისუფლებაზე.

 

პასუხისმგებლობა

● თითეული პირი პასუხისმგებელია საკუთარ ეთიკურ ქცევაზე. მოცემული ეთიკის კოდექსის დაცვა სავალდებულოა ყველა თანამშრომლისთვის, ისე როგორც, ეს მათ ხელშეკრულებაშია მითითებული.

● თითოეული თანამშრომელი ვალდებულია თავისი ქცევით, საქმიანობით და გარეგნული იმიჯით (მ/შორის დრეს-კოდი) შეესაბამებოდეს სფეროში დამკვიდრებულ სტანდარტებს, იცავდეს მოცემული კოდექსით განსაზღვრულ ნორმებს, როცა მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს „სვის-კრედიტს“.

დაგვიკავშირდით

ქუთაისი, პუშკინის ქ. 9, 4600
+995 431 25 90 90
+995 431 25 91 91
info@swiss-credit.ge

ვალუტა

USD2.5597
EUR3.0256
RUR0.0436
GBP3.4395

ჩვენი დამფუძნებელი

ალი რიზა კიზილდაგი (შვეიცარია)

“სვის-კრედიტის” დამფუძნებელი პარტნიორი და წილის 89 %-ის მფლობელი ასევე წარმოადგენს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს. ბ-ნი ალი რიზა კიზილდაგი წარმოადგენს ევროპელი ინვესტორების ფართო ჯგუფს და საქმიანობს საქართველოში 2009 წლიდან.